| ჟურნალის ამ ნომერში ფონდი „სოხუმის" საქმიანობის რამდენიმე შეფასება დაიბეჭდა: „ოჯახში ძალადობა არის პრობლემა, რომელზეც ჩვენ კარგა ხანია ფონდ „სოხუმთან" ერთად ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რა ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია ადამიანის ცხოვრებაში", - ილონკა ბოლტზე (ორგანიზაცია EED-ის კოორდინატორი ბალკანეთსა და კავკასიაში). "ბევრია გაკეთებული, თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ და აკეთებთ ქალებისათვის", - მაიკლ კრონენბერგი (ორგანიზაცია EED-ის ფინანსური დირექტორი). „ჩემთვის პრესტიჟული იყო ათი დღის განმავლობაში ფონდი „სოხუმის" პერსონალთან მუშაობა", - ჯონ ბიუკლერკი (საერთაშორისო შემფასებელი დიდი ბრიტანეთიდან). ჟურნალი კიდევ ერთი დასტურია „ბევრი გაკეთებულის" - სტატიებში წარმოდგენილია ფონდის მუშაობა ოჯახსა და საზოგადოებაში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ანუ ცვლილებები ქალთა ცხოვრებაში, გავლენა კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული აქტივობებით: ტრენინგი თუ იურისტის კონსულტაცია, გინეკოლოგთან შეხვედრა თუ ცენტრალურ პარკში ჩატარებული ფორუმ-თეატრი, ჟურნალისტების მონაწილეობით გამართული ტელეგადაცემა თუ დებატები ნაადრევი ქორწინების თემაზე, დევნილთა განსახლების კუთხით წარმართული მუშაობა თუ რადიოგადაცემებში ასახული პრობლემები, ლეჩხუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა თუ საერთაშორისო კამპანია „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ". |